
ალბათ ყველას გვახსოვს 2010 წელი, როდესაც საინფორმაციო წყარობში გამოცხადდა, რომ "კომპიუტერი" უნდა გვესწავლებინა სკოლის ბავშვებისთვის თანაც სკოლაში!
ისიც გვახსოვს, რომ არაერთი სტატია დაიბეჭდა, სიუჟეტი მომზადდა, ექსპერტული აზრი გამოითქვა იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს (ან არ მოაქვს) ადრეულ ასაკში "კომპიუტერის" სწავლებას. სიტყვა "კომპიუტერს" ბრჭყალებში ვსვამ ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო. რეალურად კი სფეროს, რომლის სწავლების ავ-კარგიანობაზე უკვე მეორე წელია ვმსჯელობთ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჰქვია, ანუ, როგორც ინფორმაციით "გადაჯერებულ" თანამედროვე სამყაროში შემოკლებულად იტყვიან ისტ (ქართულად, შესაბამისად - ისტ(ი)). ამავე სახელით შევიდა საგანი ასევე ყველასთვის ცნობილ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (მათთვის, ვისთვისაც ეს უკანასკნელი არაა ცნობილი, სპეციალურად მომზადდება თემა).
ერთი სიტყვით, მოვლენები ასე განვითარდა:
1. გამოცხადდა ინიციატივა;
2. შეიკრიბნენ ექსპერტები (ყველგან, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე სხვა ინსტიტუციებში, ტელევიზიებში, ოჯახებში და ა.შ);
3. ექსპერტებმა იმსჯელეს, იკამათეს, იდებატეს, მოილაპარაკეს და ჩამოყალიბდნენ (მე მხოლოდ იმ ექსპერტებზე ვწერ, ვისთან მუშაობის სიამოვნებაც თავად მქონდა და ამდენად, პირველწყაროს უფლებასაც გამოვიყენებ);
4. ექსპერტების ჩამოყალიბებული პოზიცია გაზიარებული იქნა როგორც სამინისტროში, ასევე პროფესიონალთა წრეებშიც;
5. და დაიწყო კონკრეტული საქმეები: შედგა საპილოტე პროგრამა, დაიწერა შედეგები, რესურსები, გამოიყო სკოლები, შეირჩნენ პედაგოგები, დაიწყო ტრენინგები და
6. 2010 წლის 15 სექტემბერს საქართველოს 3 000 (სამი ათასმა) პირველკლასელმა მოსწავლემ უსასყიდლოდ მიიღო სახელმწიფოსგან მათი პირველი ნეტბუქი (მოფერებით მას ბუკს ვეძახით :)) კერძო საკუთრებაში. ნუ, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს არ იყო პირველი კომპიუტერი, თუმცა სახელმწიფოსგან მიღებული პირველი ნამდვილად იყო!
7. ამის მერე, პირველი "ბუკელების" სიხარული, 2011 წელს უკვე სრულიად საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გაიზიარეს და როგორც ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ხდება ხოლმე, სრულიად სამართლიანად დააამკვიდრეს ტერმინი "ბუკების თაობა" და "პირველი ბუკელები" :)
8. ისტ-ს გამოეყო კვირაში 2 საათი პირველ, მეხუთე და მეექვსე კლასებში, შესაბამისად, კარგი სწავლების შემთხვევაში (აქ და ყოველთვის გავიმეორებ - მასწავლებელი არის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი), ნუ გაგვიკვირდება, თუ ჩვენი მეექვსეკლასდამთავრებულისტნასწავლი ბავშვები, ჩვენს თაობას გადაასწრებენ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
აქვე უნდა ავღნიშნო (შემდგომი მსჯელობის განსამტკიცებლად), რომ სულ პირველ ბუკელებში ჩემი უმცროსი შვილი, ელენეც მოხვდა, რომელმაც პირველად შეაბიჯა ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - სკოლაში ზუსტად 2010 წელს. მახსოვს მისი სიხარულით სავსე თვალები (მიუხედავად იმისა, რომ მისი დედიკო (ანუ მე) კომპიუტერის ხშირი, აქტიური მომხმარებელია და ეს მოწყობილობა ბავშვისთვის უცხო არ ყოფილა). ამასთანავე, საკუთრების უფლებათა 21-ე საუკუნის ღირსეულმა შვილმა, იმავე დღეს, თავისი საკუთრების აღნიშვნის (მონიშვნის) მიზნით და უფროსი ძმისთვის ხაზგასასმელად (რომელმაც ერთი წლით ადრე დაიწყო სწავლა და შესაბამისად, ბუკის მფლობელი ვერ გახდა) ახლადმოტანილ ბუკს ჯერ სახელი და გვარი დააწერა, მერე იფიქრა, მარტო ეს არ დამიცავსო და ბარბის, ფიფქიას, ფერიას, კონკიას, გულების, ყვავილების, ფისოების და სხვათა გამოსახულებები ჭრა და აწება, აწება, აწება . . . და აბა რომელი ჭკუათმყოფელი მეორეკლასელი ბიჭი გაბედავდა ამისთანა ბუკის ხელში აღებას? მცდელობაც არ ყოფილა და კონფლიქტი თავშივე ამოიწურა.
რადგან ყველა დედა ცდილობს საკუთარ შვილებს თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს და მითუმეტეს თანამედროვე ტექნიკაზე ხელმისაწვდომობაც თანაბარი იყოს, მეორეკლასელმა ბიჭმა (ნიკამ) დედიკოს პერსონალური (თუმცა საკმაოდ მოძველებული) კომპიუტერი მიიღო და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციის მიმართულებით (ეროვნულ სასწავლო გეგმაში მას ციფრული წიგნიერება ჰქვია) მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
რა დასკვნას გამოვიტანდი საკუთარი გამოცდილებიდან?
1. კომპიუტერი გახდა ელენესთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გამოავლინოს სხვადასხვა უნარები: ხატავს, წერს (მათ შორის მე მწერს წერილებს და ასევე აწარმოებს დღიურს ნიკას "ცელქობებზე", რომ არ დაავიწყდეს :)), იღებს ფოტოებს როგორც საკუთარს, ასევე კლასელებთან და მასწავლებელთან ერთად, უსმენს მუსიკას და უყურებს მულტფილმებს (აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ინტერნეტი არ ჩამირთავს ბავშვებისთვის), თამაშობს სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს (რა თქმა უნდა მან არ იცის, რომ ეს თამაშები საგანმანათლებლოა :)) და ცდილობს ლათინური ასოების შესწავლას - ანუ, ჩემი შეფასებით, ბავშვის განვითარება ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწორად მიდის.
2. კომპიუტერმა მისცა საშუალება შეისწავლოს მისი საყვარელი სიმღერების ტექსტები ("დაპაუზება", გამეორება), ანუ ისწავლოს მუშაობა საჭირო ინფორმაციის "შესაგროვებლად".
3. კომპიუტერმა მისცა საშუალება უკეთ გარკვეულიყო ლათინურ ანბანში, რაც აისახა კიდეც მისი ინგლისური ენის სწავლის სისწრაფეზე.
4. კომპიუტერმა მისცა საშუალება, სწრაფად და სხარტად ამოეცნო და ეწარმოებინა მისთვის რთული მათემატიკური ოპერაციები (ვიტყოდი - არითმეტიკა ჯერ 10-ის, მერე 20-ის და ა.შ ფარგლებში)
5. და ბოლოს, კომპიუტერის საშუალებით, ბავშვი იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა სულაც არ აღმოჩენილიყო მის სახელმძღვანელოში (მაგალითად სპლიყვი რომ სპილოს ნაშიერს ჰქვია :))
No comments:
Post a Comment